პროფესიული თვითგამორკვევა გადამწყვეტი ეტაპია მოზარდის ცხოვრებაში. მოზარდების ნაწილს უმართლებს და აქვს ნათელი ხედვა მომავალზე. ზუსტად იციან მათი მოწოდება, იკვლევენ და იღრმავებენ ცოდნას და აქტიურად კითხულობენ არჩეული პროფესიის შესაბამის სახელმძღვანელოებს. ასეთი სიცხადე არის ღირებული აქტივი და მიუთითებს მოზარდის ფსიქოლოგიურ და სოციალურ სიმწიფეზე.
მაგრამ არიან ისეთები, რომელთაც არ აქვთ გადაწყვეტილი რა გზას გაყვებიან და რომელ პროფესიას აირჩევენ. ზოგს არ აღმოაჩნდა რამე კონკრეტული თემის მიმართ ღრმა ინტერესი, ზოგი ძიების პროცესშია, ეძებს მის ჭეშმარიტ ინტერესს...
ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიის პუპოლარულობა, პრესტიჟი ან გამოჩენილი ინტერესი, არამედ მოზარდის შინაგანი თვისებების შესაბამისობა მის მომავალ პროფესიასთან.
საკუთარი თავის შეცნობა პროფესიული თვითგამორკვევის საფუძველია და ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ პიროვნული მახასიათებლების შესაბამისობის მნიშვნელობას არჩეულ პროფესიასთან.
მაგალითად, კომუნიკაბელური პიროვნული მახასიათებლის მქონე მოზარდმა შეიძლება იპოვოს კმაყოფილება პროფესიებში, რომლებიც საჭიროებენ ინტერპერსონალურ უნარებს, ხოლო ისინი, ვინც მიდრეკილები არიან რუტინული ამოცანების შესრულებაზე და კმაყოფილებას ასეთი საქმიანობის დროს იღებენ, შეიძლება თავისი თავი აღმოაჩინონ ისეთ პროფესიებში, რომლებიც ითხოვს ფოკუსირებას და კონცენტრაციას.
გთავაზობთ რამდენიმე სავარჯიშოს და ტექნიკას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ და დაეხმაროთ შვილს უკეთ გაიაზროს მისი მომავალი პროფესია:
1. ძლიერი მხარეების გამოყოფა
სეირნობის ან ვახშმის დროს დაიწყეთ საუბარი შვილის შექებით, ხაზი გაუსვით მის ძლიერ მხარეებს და სთხოვეთ დაფიქრდეს ისეთ აქტივობებზე, სადაც თავს ყველაზე თავდაჯერებულად, სრულყოფილად და კომფორტულად გრძნობს. ეს სავარჯიშო აფიქრებს მოზარდს მის უპირატესობაზე, ავლენს მის ძლიერ მხარეებს და გზას უკვალავს პოტენციურ წარმატებულ კარიერას.
2. ვიზუალიზაციის ძალა
წაახალისეთ შვილი წარმოიდგინოს თავისი იდეალური მომავალი. სავარჯიშოს პირველ ეტაპზე სთხოვეთ მას დეტალურად აღწეროს სად ხედავს საკუთარ თავს, როგორ გამოიყურება, რითია დაკავებული. შემდეგ ეტაპზე ვიზუალიზაცია ვიწროვდება და ხდება საკუთარი თავის წარმოდგენა კონკრეტული პერიოდის შემდეგ, მაგალითად 5 წლის შემდეგ ან 10 წლის შემდეგ. შემდეგ სთხოვეთ მას აღწეროს მისი ერთი დღე, გაღვიძებიდან - დღის ბოლომდე. სავარჯიშოს ბოლო ეტაპზე ხდება კითხვის დასმა, თუ როგორ ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს დღეს მან იმისთვის, რომ მიაღწიოს იმას, რაც წარმოიდგინა.
3. როლური თამაშები
ითამაშეთ ისეთი როლური თამაშები შვილთან, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა პროფესიასთან. ეს ეხმარება თქვენს შვილს შეისწავლოს ყოველდღიური პასუხისმგებლობა და გამოწვევბი, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა პროფესიასთან.
როლური თამაშების ვარიაცია არის როლური წარმოდგენა, წარმოადგენინეთ შვილს საკუთარი თავი სხვადასხვა პროფესიის ადამიანის ადგილას, მაგალითად, წარმოადგენინეთ თავი მზარეულად და ჰკითხეთ ხელი რამდენჯერ აქვს გაჭრილი დანით, ან ყველაზე გემრიელი რა კერძი მოუმზადებია და ვისთვის.
4. გადაწყვეტილების მიღების მატრიცა
შექმენით გადაწყვეტილების მიღების მატრიცა, სადაც ჩამოწერთ პროფესიებს და მიუსადაგებთ ისეთ ფაქტორებს, როგორიც არის, მაგალითად, პირადი ინტერესები, უნარები, საჭირო განათლება, დასაქმების პერსპექტივა, საშუალო ანაზღაურება. ეს სტრუქტურირებული მიდგომა დაეხმარება მას რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში ან უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამყარებაში (ან გადახედვაში).
5. ღონისძიებები
ერთად დაესწარით ან წაახალისეთ რომ დაესწროს პროფესიის შერჩევის თემატიკის მქონე გამოფენებს, ტრენინგებს, სემინარებს და ღონისძიერებებს.
გახსოვდეთ, რომ პროფესიის არჩევის გზა თითოეული ადამიანისთვის უნიკალური და ინდივიდუალურია. თქვენი მოთმინება, გაგება და აქტიური ჩართულობა თქვენს შვილს ამ მნიშვნელოვან პროცესში აუმაღლებს თავდაჯერებულობას და ინფორმირებულობას.